ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადმოსცა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან“ მოქმედი სატრანსპორტო-საინსპექციო სისტემის მდინარე თერგის ადიდების შედეგად, მწყობრიდან გამოსვლის გამო, დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ტექნიკის ახლით შეცვლა.
2015 წელს ჩინეთის მთავრობამ, საქართველოს მთავრობას უსასყიდლო დახმარება – 26 მილიონი ჩინური იუანი (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი), ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად გამოუყო. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ 2017 წლის მაისში დასრულდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით, უკვე გამოყოფილია დაახლოებით 356 მლნ. იუანი (დაახლოებით 54 მლნ. აშშ დოლარი) და 30 მლნ. იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ. აშშ დოლარი) ოდენობის 20-წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი, 10-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული გრანტებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით, ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები