მმართველ გუნდში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ზუსტ თარიღზე მსჯელობენ

მმართველ გუნდში  მსჯელობენ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლისთვის გაუქმდეს, თუ 2024 წლისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, ის, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება, ამაზე შეთანხმება მიღწეულია.
“ჩვენ პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, არსებული საარჩევნო სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით აუცილებლად შეიცვლება. უმრავლესობას რომელიმე საარჩევნო მოდელის მხარდაჭერა არ აერთიანებს, არამედ პროგრესის მხარდაჭერა აერთიანებს და გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უმრავლესობის აბსოლუტურად ყველა წევრი უჭერს მხარს პროგრესს და დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას ქვეყანაში.
რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას, ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობა შეთანხმებული პოზიციით იმ სესიებზე გამოვა, რომელიც საკონსტიტუციო განხილვას მიეძღვნება და ეს ივნისის მეორე ნახევარში იქნება. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე ზედმეტ ენერგიას ვხარჯავთ და პოლიტიკა მთლიანად ხალხის საჭიროებებზე უნდა გადავრთოთ. არსებული სისტემა აუცილებლად შეიცვლება უფრო დემოკრატიული სისტემით და ამაზე უმრავლესობაში დიდი მხარდაჭერა არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები