დღეს „თეატრალური იმერეთი 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

14 ივნისს, 18.00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ფესტივალის „თეატრალური იმერეთი 2017“ საზეიმო დახურვის და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ცერემონიას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ჟურნალის „თეატრალური იმერეთი“ ახალი ნომრის პრეზენტაცია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული თეატრი გამართავს სპექტაკლს – „იავნანამ რა ჰქმნა“. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
სპეციალური ჟიური, 10-დე ნომინაციაში გამოავლენს საუკეთესო დადგმებს, დასებს, რეჟისორებს, მსახიობებებს და სცენოგრაფებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე); ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე.
ფესტივალი იმერეთის რეგიონის როგორც პროფესიულ, ასევე სახალხო თეატრებს აერთიანებს. მასში 14 სახელმწიფო პროფესიული და სახალხო თეატრი მონაწილეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები