თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია, საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და კომპანია „გერალის“ წარმომადგენლების 24-საათიანი ინტენსიური სამუშაო რეჟიმის შედეგად, თუშეთთან დამაკავშირებელი 600-მეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად განვლადია. ტრანსპორტის გადაადგილებას სამუშაოთა მწარმოებელი დაარეგულირებს.
ამ დროისათვის, დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მთამსვლელები, რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისგან ფერდების ჩამოსუფთავება”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. შემდეგ, აპრილის თვეში, განმეორებითი – დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც  არსებული მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები