მედეა კუჭუხიძე – 80: მოზარდ მაყურებელთა თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართა

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ცნობილი ქართველი რეჟისორის – მედეა კუჭუხიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა  რეჟისორს ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო –  „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
მედეა კუჭუხიძე – საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურიატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მედეა კუჭუხიძემ სარეჟისორო მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო. იყო თბილისის სანკულტურისა და სოხუმის დრამატული თეატრების რეჟისორი. 1964-2008 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და სამხატვრო საბჭოს წევრი. სპექტაკლები განახორციელა რუსთაველის, გრიბოედოვის, მოზარდ მაყურებელთა თეატრების სცენებზე.
მისი დადგმული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მ. ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (ეს დადგმა 1991 წელს მიწვეული იყო იაპონიის 5 ქალაქში და დიდი წარმატება მოიპოვა), ლ. როსებას „პრემიერა“, „სიყვარულის მზე“, „პროვინციული ამბავი“, „სახლის ანგელოზები“, პ. კაკაბაძის „სამი ასული“, „პორტოპოლოს ტუსაღები“, ა. აფინოგენოვის „შიში“, ნ. ლორთქიფანიძის „ჟამთა სიავე“, ლ. თაბუკაშვილის“ ძველი ვალსი“, ჯ. იოსელიანის „ეთერიანი“, „ტაკიმასხარა“, „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, გუდრიჩის „ანა ფრანკის დღიური“, ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“, რ.კლდიაშვილის „საპოვნელა“, „შორაპნელი ქალბატონები“, ტ. უილიამსის „მინის სამხეცე“, გოცის „ლურჯი ურჩხული“, ჰოფმანის „პატარძლის ამორჩევა“ და მრავალი სხვა.
ავტორია 80-ზე მეტი თეატრალური დადგმისა.  მისი სპექტაკლი
6-ჯერ  სეზონის საუკეთესო წარმოდგენად აღიარეს. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. მისი აღზრდილები  ცნობილი ქართველი მსახიობები : ავთანდილ მახარაძე, ბერტა ხაფავა, გურამ ფირცხალავა არიან, ახალგაზრდა თაობიდან – რუსუდან მაყაშვილი, როლანდ ოქროპირიძე და სხვები. ავტორია ასევე, სამი პიესისა და წიგნისა „ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები