მეცნიერების ვარაუდით, დედამიწაზე წვიმიანი ამინდები გახშირდება
დედამიწაზე მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესის გამო, ნასას სპეციალისტები წვიმიანი ამინდების გახშირებას ვარაუდობენ. კვლევის შედეგები გამოცემა “Nature Communications”-ში გამოქვეყნდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს, რაც ჰაერის ნაკადების მიმართულების შეცვლას და მაღალი ღრუბლების შემცირებას იწვევს. ისინი თბილ ჰაერს ანეიტრალებენ. ამათ გარეშე კი დედამიწაზე წვიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ გასული, 2016 წელი, ბოლო 140 წლის განმავლობაში, ყველაზე ცხელი იყო. ის გასული საუკუნის საშუალო ტემპერატურას 1 გრადუსით აღემატებოდა.
დანიელმა მეცნიერებმა არქტიკაში უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს. ამ რეგიონში საშუალო ტემპერატურამ თითქმის 12 გრადუსით მოიმატა. აქ ნორმალური ტემპერატურა არის მინუს 20 გრადუსი ცელსიუსით.
ანალოგიური პროცესები ანტარქტიდაშიც ფიქსირდება. ყინულის საფარის სისქე აქ მკვეთრად შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ის დნება და წყალი ოკეანეში ჩაედინება. ოკეანის დონის მატების გარდა, ეს პროცესი ასევე, მეტ წვიმას გამოიწვევს, ვინაიდან ატმოსფეროში წყლის რაოდენობა გაიზრდება.