„ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის“ – იზოლდა მელიქიშვილის ლექცია გაიმართება

15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების ასისტენტ-კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის – იზოლდა მელიქიშვილის ლექცია „ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის ისტორიისათვის.”
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ლექცია ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” ფარგლებში ჩატარდება.
საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში გვიანი შუასაუკუნეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, სამწუხაროდ, ნაკლებად შესწავლილი ეპოქაა. ბოლო ათწლეულია სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, კერძოდ კი ქართული საეკლესიო და საერო ქარგულობა.
საქართვლოს მრავალი საშინაო თუ საგარეო პრობლემის მიუხედავად, ნაქარგობის ნიმუშებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე. მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდებშია დაცული.
იზოლდა მელიქიშვილი ისაუბრებს ნაქარგობის ნიმუშებზე წარმოდგენილ იკონოგრაფიაზე, ქართული ნაქარგობის განვითარების მხატვრულ ტენდენციებსა და ქართული ნაქარგობისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. აქვე განხილული იქნება ქარგვის ცენტრებისა და სკოლების ისტორიისა და მათი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო კერების მნიშვნელობის საკითხები. ასევე, ხელსაქმის თანამედროვე ტენდენციები და განვითარების გზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები