ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების გამოფენა გაიმართება

16 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში  ქართველი და აზერბაიჯანელი მოქანდაკეების – მერაბ მერაბიშვილისა და ომარ ელდაროვის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მერაბ მერაბიშვილი 1931 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით, სადაც შემდგომ მუშაობდა ჯერ პედაგოგად, შემდეგ კი პროფესორად; 1991- 2004 წლებში  ხატვის კათედრის გამგე იყო.
მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში, არის არაერთი ჯილდოს მფლობელი.  იგი ავტორია: ალექსანდრე გრიბოედოვის (1961, თბილისი), ერეკლე II-ის (1971, თელავი), პეტრე ბაგრატიონის, შოთა რუსთაველისა (2011, ბუდაპეშტი) და სხვა მრავალი ქანდაკების. მერაბ მერაბიშვილი 1988 წლიდან არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, 1996 წლიდან კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ომარ ელდაროვი 1927 წელს დაიბადა ქალაქ დერბენტში. სანქტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. ელდაროვს 1982 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. იგი არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი 1988 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან – აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი. მისი ავტორობით შეიქმნა: ნათავანის (1960, ბაქო), ფიზულის (1962, ბაქო), მაჰათმა განდის (1987), ჰუსეინ ჯავიდის (1993) და სხვა მრავალი ქანდაკება.

გამოფენა ხორციელდება ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI”-ისა და საქართველოს კულტურის ფონდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით. ასოციაცია ახორციელებს კულტურულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, რაც გლობალიზაციის პირობებში ხელს უწყობს თვითმყოფადი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის მიღწევების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოში.
აღნიშნული გამოფენა ხორციელდება ორი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურათა ურთიერთდაახლოების მიზნით.

გამოფენა 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები