რუსეთის ელჩი ისრაელში – მოსკოვი „ჰესბოლას“ და „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებებად არ მიიჩნევს
რუსეთის ელჩმა ისრაელში ალექსანდრე შეინმა ისრაელის „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვი „ჰესბოლას“ და „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებებად არ მიიჩნევს. „რუსეთის კანონმდებლობით ტერორისტული ის დაჯგუფებაა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ტერაქტებს აწყობენ. ანუ იგულისხმება საელჩოები, წარმომადგენლობები, რუსეთის მოქალაქეები“ – განაცხადა ელჩმა. ჟურნალისტის შეკითხვას თუ როგორ აფასებს კრემლი ამ ორგანიზაციების მოქმედებას ისრაელში, შეინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქციას გმობს.
„ჰესბოლა“ ლიბანური შიიტური ისლამისტური დაჯგუფებაა. ის ისრაელში. აშშ-ში, კანადასა და ბაჰრეინში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული . „ჰესბოლა“ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვის. „ჰამასი“ – პალესტინური რადიკალური დაჯგუფებაა. ის ტერორისტულად არის აღიარებული ისრაელში, აშშ-ში, ევროკავშირში, კანადასა და იაპონიაში. ეს დაჯგუფება ღაზას სექტორს აკონტროლებს, საიდანაც ისრაელის ტერიტორიას პერიოდულად ბომბავს რაკეტებით.