ბრალდების მხარე მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას განმარტავს
„ბირჟა მაფიას“ წევრები წარსულში ნასამართლევები არ არიან და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მათ არ დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი”, – ასე განმარტა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ „ბირჟა მაფიას“ ერთ-ერთი წევრისთვის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა.
გუმბერიძის მტკიცებით, სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბრალდებას რეპერების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არიან და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, არ დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, ამ ეტაპზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ჩასატარებელია საქმეზე, ჩატარდება”, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მიხეილ მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. რაც შეეხება ჯგუფის მეორე წევრს, გიორგი ქებურიას, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.