ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს დატოვებს

ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს დატოვებს. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, თათა შავლაყაძემ განაცხადა. შავლაყაძის განმარტებით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და წინასწარი დაკავების იზოლატორს დღეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
„ლევანი უდანაშაულოა. დავესწარი მის სასამართლოს და პირადად ლევანზე საუბარი არ იყო. მას უბრალოდ, ჰქონდა მეგობრულ დონეზე ურთიერთობა რუს კრიმინალებთან. გირაო ჩვენ უკვე გადავიხადეთ. გირაოს გადახდა ოდნავ მოგვიანებით მოვახერხეთ და ამიტომაც, პარასკევს ვერ მოხდა მისი გათავისუფლება. შემდეგ დაემთხვა შაბათ-კვირა და ამიტომ მისი გათავისუფლება გადაიდო. ორშაბათს ლევანი იქნება თავისუფალი“,-განაცხადა ნიუ-იორკში დაკავებული სპორტსმენის მეუღლემ.
8 ივნისს აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორისაც 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან. მათ შორის არიან ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, რომელთაც აშშ-ს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები