მომავლის ქალაქების პროტოტიპირება – ესპანელ არქიტექტორთან შეხვედრა გაიმართება

12 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ესპანელ არქიტექტორთან, ვისენტე გუაიარტისთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, არქიტექტორი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც უკავშირდება ტექნოლოგიური ინოვაციების უზარმაზარ გავლენას ურბანულ განვითარებაზე. იცვლება ქალაქის იერსახე, სოციალური გარემო, ადამიანთა შორის კომუნიკაციის გზები, მათი გადაადგილების საშუალებები და აგრეთვე ქალაქის მართვის სისტემა.
როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრების წესი? ქალაქის დაგეგმარება და მშენებლობა? როგორ და როდის მოხდება ეს ცვლილებები?
ვისენტე გუაიარტი უპასუხებს ყველა ზემოთ დასმულ კითხვას. ისაუბრებს ურბანული რეგენერაციის იმ ძირითად პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მოხდა ბარსელონაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით (2011-2015).
ვისენტე გუაიარტი ბარსელონის მთავარი არქიტექტორი იყო 2011-2015 წლებში, ხელმძღვანელობდა ქალაქის სტრატეგიული განვითარების ხედვის შემუშავების კომისიას, არის კატალონიის მოწინავე არქიტექტურის ინსტიტუტის (IAAC) თანადამფუძნებელი. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ქალაქის ახალი მოდელის შექმნისას ერთმანეთს დაუკავშირა არქიტექტურა, ბუნება და ტექნოლოგიები. 2016 წლიდან დღემდე ვისენტე გუაიარტი გახლავთ შუხოვის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ურბანისტიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ქალაქი და მომავლის ქალაქის პროტოტიპირება“ აკადემიური ხელმძღვანელი.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, სინქრონული თარგმანით.
შეხვედრა ორგანიზებულია ურბანისტიკის უმაღლესი სკოლის და რედ ფონდის თანადგომით.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ.1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები