ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს, ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია მისი ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული.
“დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება).უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
მათ ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან. დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.
აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები