პროკურატურა დემურ სტურუას საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მთავარი პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მიმართ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, არ ეთანხმება.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, კანონის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე დავით გვარელმა ბრალდებული, გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ განუცხადა, მოსამართლემ გოდერძი თევზაძეს ორივე ბრალდება მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ცნობისათვის, 2017 წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობამდე, მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.
როგორც წერილში იყო ნათქვამი, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები