პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა ბრალდებოდა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე დავით გვარელმა ბრალდებული, გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურა 22 წლის მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ ბრალდებულის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განუცხადა, მოსამართლემ გოდერძი თევზაძეს ორივე ბრალდება მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
აღსანიშნავია, რომ გოდერძი თევზაძის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გოდერძი თევზაძის საქმის არსებითი განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებული პოლიციელის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.
როგორც წერილში იყო ნათქვამი, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები