ჯგუფის Birja Mafia წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ჯგუფის Birja Mafia წევრს მიხეილ მგალობლიშვილს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და აქედან გამომდინარე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.
თავად მიხეილ მგალობლიშვილი ბრალს არ აღიარებს.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ მგალობლიშვილის დაკავება ჯგუფის ვიდეო კლიპს და ამ კლიპში პოლიციელის გაშარჟებას უკავშირდება.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ნარკოტიკული საშუალება მგალობლიშვილს პოლიციელებმა ჩაუდეს.
პროკურორი ლაშა გამყრელიძე ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უაროფს და აცხადებს, რომ მგალობლიშვილს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და ეს არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.
მგალობლიშვილის გარდა, მისი ახლობლების ცნობით, ასევე 7 ივნისს დააკავეს ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრი გიორგი ქებურია, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს უნდა გაიმართოს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს“ -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები