საქართველოს პირველი ლედი ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“ სტუმრობდა
საქართველოს პირველის ლედის, მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის, ახორციელებს პროექტს – „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“. პროექტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადში“ შედგა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან ერთად დაესწრო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობელთა აქტივობა, რასაც პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისების გაფართოების თვალსაზრისით. კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წევრებმა მშობლებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტი 6 თვეს გასტანს და ის რამდენიმე ასეთ შეხვედრას ითვალისწინებს.ა
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. მინდა, მადლობა გადავუხადო კოალიციას ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და საქართველოს პირველ ლედის, ქალბატონ მაკა ჩიჩუას, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“. ზოგადად, ყველა პროექტი, რომელიც შშმ პირთა გვერდში დგომასა და მხარდაჭერას გულისხმობს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით. საინფორმაციო შეხვედრები საშუალებას იძლევა, რომ სწორად და დროულად მიიღონ მშობლებმა ინფორმაცია მათი შვილების უფლებების შესახებ. მისასალმებელია, რომ ბოლნისი იმ ხუთ მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.