ქართული ბლუზის ცოცხალი ლეგენდა – კოკა ცქიტიშვილი გარდაიცვალა
გარდაიცვალა №1 ქართველი ბლუზმენი, ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Koka & T. Blues Mob-ის დამაარსებელი კოკა ცქიტიშვილი.
მუსიკოსს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და კომაში იმყოფებოდა.
კოკა ცქიტიშვილს N1 ქართველ ბლუზმენსაც უწოდებენ, მან 1998 წელს საქართველოში ჯგუფი Koka & T. Blues Mob დააარსა. ბენდის რეპერტუარი მოიცავს ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს.
ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი… 2012 წლიდან ჯგუფი ევროპის ბლუზის კავშირის წევრი გახდა.
ბენდის ხელმძღვანელს, ბას-გიტარისტსა და სიმღერების ავტორს კოკა ცქიტიშვილს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ. ჯგუფმა ოთხი ალბომი გამოუშვა და მისი პარტნიორი დღემდე დანიური კომპანია Marskmusic-ია, რომელიც ცნობი შემსრულებლებთან აფორმებდა კონტრაქტს…
10 ივნისიდან კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალთან, კოკა ცქიტიშვილის ინიციატივით პირველი საერთაშორისო ჯაზფესტივალი Blues&Wine („ბლუზი და ღვინო“) უნდა გამართულიყო. ბლუზმენი ამ ფესტივალის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი იყო. იგი მრავალის წლის განმავლობაში იბრძოდა ამ ფესტივალის ჩასატარებლად და მთელი ცხოვრება და შემოქმედება მიუძღვნა არა მხოლოდ ბლუზის, არამედ საქართველოში გემოვნებიანი მუსიკის პოპულარიზაციას.
მუსიკალური ფესტივალი საქართველოს პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდიდა. კოკა ცქიტიშვილის სახელი და გვარი მსოფლიო რანგის უცხოელი მუსიკოსებისთვის საკმარისი იყო, რომ საქართველოს ფესტივალზე ჩამოსულიყვნენ.
პირველი ქართული საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალის მონაწილეებად ისეთ გვარებს ასახელებდა, როგორიცაა: ამერიკელი ბლუზმენები: კრის ჯაგერი (მიკ ჯაგერის ძმა), კენი უეინი, ჯეისი სმიტი, ცნობილი ბრიტანელი ბლუზ-გიტარისტი ბენ პული, ასევე უნიკალური სოულ-მომღერალი შარონ ლიუისი და მრავალი სხვა.
კოკა ცქიტიშვილი ბოლო წლებია, მუშაობდა ესპანურ-რუსულ მედიაკომპანია RusradioMArbella-ში. მას ესპანეთის მილიონერების ქალაქ მარბელას ფესტივალებზე კონცერტებით იწვევდნენ.
პირველად ესპანეთში, რუსულენოვანი ესპანური რადიო RusRadioMarbella-ს დამაარსებლის, მარია ვიბერლის (Maria wibberley) მიწვევით ჩავიდა. სწორედ ეს კომპანია ატარებს რუსული კინოს საერთაშორისო კინოფესტივალს. მას შემდეგ თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. კოკა ცქიტიშვილი რადიო RusRadio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-Cherry Blues დამფუძნებელი გახდა. ეს ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება.იგი ესპანეთში ჩატარებული რუსული ფილმების კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო.
ახლა კი… ქართული ბლუზის ლეგენდა – კოკა ცქიტიშვილი აღარ არის ცოცხალი, დარჩა მის მიერ დაწყებული დაუმთავრებელი საქმეები, იმედია, ქვეყანაში მუსიკის ამ სტილს და მის პოპულარიზაციას ღირსეული გამგრძელებლები გამოუჩნდებიან…