კასპის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის და ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში (მაღალმთიანი დასახლება) ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივად დაფინანსებული პროექტის “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზნების, ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მოსახლეობის წინაშე ინფორმაციით პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარდგა. შეხვედრაზე სათემო – საკონსულტაციო ჯგუფი აირჩიეს.
ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში “ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური საფუძვლების გაძლიერება ეთიკასა და გამჭვირვალეობაში“ გაიმარჯვა.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებულობით და ჩართვის გზით, მუნიციპალიტეტის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. 2017 წლის 1 მარტს ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენელსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, თემაზე “ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“. ხელი მოეწერა ასევე, განზრახულობათა ოქმს.