ბოლნისის მუნიციპალიტეტში დათო ნავერიანის სახელობის მე-3 საერთაშორისო ორდღიანი ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მესამედ მასპინძლობს საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დათო ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ძიუდოში. ტურნირი, რომელიც ორ დღეს გასტანს, დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი” და ქორეოგრაფიული ანსამბლის – ,,თამარიონის” მოცეკვავეები წარდგნენ, აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. მუნიციპალიტეტის გამგებელი გამომსვლელებს მიესალმა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიან ტურნირზე დაახლოებით 200-მდე სპოტრტსმენი იასპარეზებს, მათ შორის 30 ბოლნისელია. შეჯიბრი 2 ასაკობრივ ჯგუფში 20 კილოგრამ წონითი კატეგორიის სპორტსმენისთვის გაიმართება. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე, დაწესებულია დათო ნავერიანის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ფალავანი დაეუფლება.
,,ტურნირი არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ბევრი ჭაბუკი ღებულობს მონაწილეობას, გარდა ამისა, ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დათო ნავერიანი იყო პიროვნულად ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი, მას აქვს ძალიან დიდი ღვაწლი ჩვენს მუნიციპალიტეტში ძიუდოს განვითარების კუთხით და ბოლნისის მუნიციპალიტეტი არის მზად, ყოველთვის დაუჭიროს ასეთი ტურნირების ჩატარებას მხარი”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.