„ჩვენს სახელმწიფოს ჩვენ გარდა ვერავინ დაიცავს“- წვევამდელებისთვის კანონში ახალი რეგულაციები შედის

სამხედრო სავალდებულო სამსახურზე თავის არიდების მიზნით, ახალგაზრდები ხშირად თვითდაზიანებებს იყენებენ, რომ სავალდებულო სამსახურს თავი აარიდონ, ამის გამოც წვევამდელებისთვის კანონი მკაცრდება და გამკაცრებასთან ერთად, მასში ახალი რეგულაციები შედის. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, კობა კობალაძის თქმით, რეგულაციები ახალწვეულების მომზადების და გადამზადების გარკვეულ სტანდარტებს ეფუძნება. როგორც კობალაძემ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განმარტა, უფრო ქმედითი ხდება იმ უნარ-ჩვევების დაუფლება, რასაც შეიარაღებულ ძალებში სამსახური და განვითარება ჰქვია. „ ქვეყნის სახელმწიფოს თავდაცვა არ არის გამორჩეული პირების განსაკუთრებული ქმედება. თითოეულმა ჩვენგანმა, პირველ რიგში, იდეოლოგიის თვალსაზრისით, უნდა ისაუბროს თავისი ქვეყნის თავდაცვაზე. არცერთი თავმოყვარე სახელმწიფო ჩვენ გარშემო, არ მოქმედებს თავისი სახელმწიფო ინტერესების დაცვის გარეშე. ეს უნდა იყოს იდეოლოგიის თვალსაზრისით. დღეს ორიენტირი იმისკენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაცის ფრთის და ფარდის ქვეშ, არანაირად არ უნდა გვაძლევდეს იმის საფუძველს და იმედს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ვინმე, ჩვენ გარდა დაიცავს. ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები არა ორაზროვნად, არამედ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ხედვა და ვალდებულება. ყველა დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ჩვენ გარდა ვერავინ დაიცავს. საკმაოდ დიდი პროცენტია იმის, რომ ახალგაზრდები თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ამის გამო, ხშირად ხდება თვითდაზიანებების მიყენება. ჩვენ კანონში ამ საკითხის გამკაცრებასთან ერთად, შევიტანეთ გარკვეული რეგულაციები, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. რეგულაციები ახალწვეულების მომზადების და გადამზადების გარკვეულ სტანდარტებს ეფუძნება. ახალგაზრდისთვის უფრო საინტერესო ხდება და უფრო ქმედითი იმ უნარ-ჩვევების დაუფლება, რასაც შეიარაღებულ ძალებში სამსახური და განვითარება ჰქვია. არასწორი იყო, როდესაც რეზერვს განვიხილავდით არა გადამზადების, არამედ თვითმომზადების არეალად. დღეს მიდგომა უფრო ქმედითი და მიზნობრივია. არა მარტო ხდება ახალწვეულების კონკრეტული პროგრამული მომზადება, არამედ ხდება ამ მომზადების შემდგომ, გარკვეული ბაზირების დაგეგმარება, რომელიც უკვე შემდგომ ეტაპზე, იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრივი რეზერვი. ახალგაზრდებში არასახარბიელო სურათია ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომაცაა, რომ ჩვენი ორიენტირი გადის იმაზე, რომ დავიწყოთ ახალგაზრდების გაჯანსაღება. ამ თემას კომპლექსურად და სახელმწიფოებრივად უნდა შევხედოთ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები