კახეთში 200 კილომეტრამდე გზის მოდერნიზებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე-წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და ერთობლივი საწარმოს,  JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა, ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი.
კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80-კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს.
საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 2 514 704 ევროს და 3 124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთები პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები