ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარ ჭყლეტვაში ქართველებიც მოყვნენ

ტურინში, „იუვენტუსი“ – „რეალის“ თამაშის მსვლელობისას ტერაქტის შესახებ გავრცელებული ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტვაში ქართველებიც მოყვნენ. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და მისი მეუღლე მიხეილ ჭკუასელი.
”მეგონა ვიცოდი, მეგონა განვიცდიდი სხვების ტკივილს, არა!!! ჩემ ცხოვრებაში პირველად მივხვდი რა არის ტერორი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს სიკვდილის შიში და პირველად ვიგრძენი უკიდურესი უმწეობა, უფრო გაუსაძლისი, ვიდრე ათიათასობით გაქცეულთან ერთად გაქცევა, არ არსებობს”, – წერს ხატია მოისწრაფიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
მიხეილ ჭკუასელი კი აღნიშნავს, რომ პანიკა სათამაშო პეტარდის გამო ატყდა. როგორც ჭკუასელი განმარტავს, ადგილზე მყოფმა გულშემატკივრებმა ჩათვალებს, რომ ადგილი ჰქონდა ტერორისტულ აქტს და პანიკაც სწორედ ამან გამოიწვია.
”ხატიაზე და ჩემზე არ იდარდოთ. კიდევ ერთი ფინალი წავაგეთ, ნუ მეორე ტაიმს სადამდეც ვუყურეთ იქამდე. მერე სათამაშო პეტარდის გამო პანიკა ატყდა, ტერორისტული თავდასხმა ეგონა ხალხს და აირია მონასტერი. მსუბუქი დაზიანებები ბევრს აქვს, უფრო სერიოზულზე ჯერ არაფერი ვიცი. ჩვენ კარგად ვართ, ნუ რამდენადაც შეიძლება დიდი ნერვიულობის, სირბილის და წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ. იაპონურმა რესტორანმა შეგვიფარა ერთი 15 კაცი. დიდი თვალები ქონია შიშს. ფეხბურთის ხასიათს რომ წაგართმევს ისეთი ”, – წერს მიხეილ ჭკუასელი.
ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 600-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი „რეალის“ მიერ „იუვენტუსის“ კარში გატანილი მესამე გოლის შემდეგ მოხდა, როდესაც მოედანზე ასაფეთქებლის ხმა გაისმა. ადგილზე ტურინის ”იუვენტუსის” დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია.
დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები