იან კელი: ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში – იან კელი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან კომენტარს აკეთებს.
ის დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა.
მისივე განცხადებით, აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, ჟენევის ფორმატი დისკუსიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ ყურადღების გამახვილება იმ სიძნელეებზე, რასაც იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში აწყდებიან. მათ საცხოვრებლის დატოვებამ მოუწიათ. აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იმისთვის, რომ დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ვერ იქნება ამ ფორმატის ხელშემშლელი. შესაბამისად, მტკიცება, რომ ეს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, არასწორია და მე არ ვეთანხმები”, – განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო 64-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები