კიევში დემონსტრანტებმა ენერგეტიკის და აგრარული პოლიტიკის სამინისტროების შენობები დაიკავეს

   უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, დემონსტარნტებთან ერთად, კიევში ენერგეტიკის სამინისტროს შენობა დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მეხუთე არხი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებს შენობის დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ენერგეტიკის სამინისტრომდე რამდენიმე საათით ადრე დემონსტრანტებმა აგრარული პოლიტიკის სამინისტრო დაიკავეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი, რომელმაც  დემონსტრანტების მიერ შენობის დაკავების ფაქტი უარყო. მინისტრის განცხადებით, ის ჩავიდა და პირადად ესაუბრა მომიტინგეებს და მათ ტერიტორიის მშვიდობიანად დატოვება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამინისტროს ბლოკირებას შეიძლება ქვეყანაში ენერგეტიკული კოლაფსი გამოეწვია. სტავიცკის განცხადებით, შენობასთან ასობით აქტივისტი იყო მობილიზებული, მათი უმრავლესობა კი შეიარაღებული იყო. უკრაინული და რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივისტები ამ წუთებშიც შენობის ბლოკირებას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები