იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებასა და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. 

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა  მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების  დამყარების საიუბილეო თარიღის, 25 წლისთავის მნიშვნელობა. მინისტრების შეფასებით, ამ ხნის განმალობაში, ორი ქვეყნის მეგობრობა ეფუძნება ისეთ საერთო ფასეულობებს, როგორიც არის დემოკრატიული განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოიაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებშიროგორიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე განაცხადა. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს. ეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე ქვეყანას, განავითარონ ბიზნეს და ეკონომიკური კავშირები და ასევე, ეს იქნება კარგი სიგნალი იაპონური საქმიანი წრეებისთვის, დაინტერესდნენ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობებით. ხაზი გაესვა  საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ ბიზნესკლიმატს.

ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია ასევე გაამარტივებს სავიზო მოთხოვნებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას, თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.   

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხო გარემოს გათვალისწინებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იაპონიის მოქალაქეებისათვის არსებულ .. “Travel adviser”-ში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ მონაცემი გაუმჯობესდება, რაც დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იაპონელი ტურისტების მოზიდვას.

მინისტრები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. საქართველომ გამოხატა დაინტერესება, ამ მხრივ, გაიზიაროს იაპონიის გამოცდილება.  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ასევე, მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში იაპონიის განვითარების სააგენტოს JICA- წარმატებული საქმიანობა. იაპონიის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს აქტიური ჩართულობა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იაპონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებიაპონიის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა .  

შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოიაპონიის წარმატებული თანამშრომლობა.  მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, იმუშაონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.  

​ 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები