თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ევროპარლამენტარების ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც საქართველოს თემით აქტიურად არიან დაინტერესებულნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.
ჩუგოშვილმა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან თამარ ხულორდავასათან ერთად 31 მაისს ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა დეპუტატებმა კოლეგებს ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტების, კონსერვატორების და მწვანეთა პარტიის ჯგუფებიდან საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ევროპარლამენტში ყველა ჯგუფის ფაქტიურად ყველა იმ დეპუტატთან გვქონდა შეხვედრა, ვინც საქართველოს თემით არის დაინტერესებული. ძალიან დეტალურად განვიხილეთ საკონსტიტუციო რეფორმა, როგორც პროცესის თვალსაზრისით, თუ როგორ დაიწყო და წარიმართა ეს სამუშაო, ასევე შინაარსობრივად”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხს ევროპელი კოლეგების „ძალიან პოზიტიური” გამოხმაურება ჰქონდა.
„ყველა აღნიშნავდა იმას, რომ ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რადგან ჩვენ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ მმართველობის ფორმად ითვლება. ფაქტიურად რეფორმის ყველა მიმართულებით გვაქვს მათი მხარდაჭერა. ასევე ყველა ძალიან პოზიტიურად შეხვდა ჩვენს ინიციატივას, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და გავითვალისწინოთ საერთაშორისო ექპერტების რეკომენდაციები”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები