მოსამართლემ სახალხო დამცველს „ციანიდის საქმის“ განხილვაზე დასწრების უფლება არ მისცა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა სახალხო დამცველს „ციანიდის საქმის“ განხილვაზე დასწრების უფლება არ მისცა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა განმარტა, მოსამართლემ მას უთხრა, რომ დღეს პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების საფუძველი არ არსებობს და შემდეგი პროცესისთვის თუ ორივე მხარე მოძებნის ამის საფუძველს, მაშინ იგი შეძლებს განხილვაზე დასწრებას.
”მოსამართლემ შემომთავაზა, რომ ორივე მხარემ მომდევნო პროცესისთვის ვიფიქროთ იმ საფუძველზე, რომლითაც სახალხო დამცველის დასწრება დახურულ პროცესზე შესაძლებელი იქნება. მე მას ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რომელიც სხვა კანონებზე მაღლა დგას და რომ სახალხო დამცველის დასწრება მსგავს პროცესებზე არსად აკრძალული არ არის. სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას, მათ შორის, ხელისუფლების ორგანოებში და რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.