თურქეთში კიდევ ერთი ქართველი ქალის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები – რას მალავს თურქეთის პოლიცია

გაზეთი „პრაიმტაიმი“ თურქეთში ქართველი ქალის, ელენე გოკაძის წამებისა და მკვლელობის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, მკვლელობა ჯგუფურად არის ჩადენილი, თუმცა თურქეთის გამოძიებამ მხოლოდ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დააკავა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მკვლელობის ადგილას მყოფ ემიგრანტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულის თანამზრახველმა საქმე ჩააწყო და მას სამართალდამცავები მფარველობენ, რადგანაც როდესაც ქართველმა ემიგრანტებმა აღნიშნული ინფორმაცია გააპროტესტეს, ელენე გოკაძის ყველა ახლობელი პოლიციამ დააკავა, ორდღიანი პატიმრობის შემდეგ კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
„პრაიმტაიმს“ მოკლული ქალის მეგობარი დაუკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოცემასთან საუბრისას, მოკლულის მეგობარი ჰყვება, რომ ცოტა ხნით ადრე, იმავე ქალაქში კიდევ ერთი ქართველი ქალი მოკლეს, თუმცა საქმე ჩაიფარცხა და არც პრესაში გახმაურებულა. როგორც ელენე გოკაძის მეგობარი ირწმუნება, აღნიშნული მკვლელობაც იმ ჯგუფის მიერაა ჩადენილი, ვინც მისი მეგობარი ელენე გოკაძე სასტიკად აწამა და მოკლა. მისი მტკიცებით, დამნაშავეთა ჯგუფი ქართველებზე „ნადირობს“.
„აქ არის სრული განუკითხაობა. არავინ იცის, როდის ვის მოკლავენ ან უმიზეზოდ ვის დაიჭერენ. ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, იმავე დღეს მთელი თურქეთის საელჩო და საკონსულო ადგილზე იქნებოდა. ხალხს არაფრის გამო იჭერენ, უმიზეზოდ უზღუდავენ გადაადგილებას და საკონსულო არაფერს აკეთებს, მხოლოდ დამკრძალავი ბიუროს ფუნქციები აქვს. თუნდაც ელენეს შემთხვევა გავიხსენოთ. ცხედარი დილით აღმოაჩინეს, სამი საათი ვურეკავდით საკონსულოს წარმომადგენელს და არც კი იცოდნენ მომხდარის შესახებ, ანუ აქაური პოლიცია ღირსადაც არ თვლის, რომ საქართველოს მოქალაქის შესახებ საკონსულოს აცნობოს. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ ერთი მკვლელი, თუმცა ცდილობენ, ხელი მთლიანად იმ ყრუ-მუნჯს შეაწმინდონ. ამის შესახებ პოლიციამ პირად საუბრებში გვითხრა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველის მკვლელობის ჩაფარცხვა უნდათ”, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ელენე გოკაძის მეგობარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები