გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობას, ღიაობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას

„მთავრობის მიზანია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ განახორციელა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობას, ღიაობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ მთავრობის ასეთი ხედვა აკმაყოფილებს ღია მმართველობის მაღალ სტანდარტებს.
„ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭვირვალობას და ღიაობას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აკმაყოფილებს ღია მმართველობის მაღალ სტანდარტებს. მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა: 2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარედ. 2017 წლის ოქტომბერში საქართველო ერთი წლით გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი თანათავმჯდომარე ქვეყანა. გარდა ამისა, მთავრობის მიზანია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება. წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლებამ განახორციელა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, დაინერგა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და შეფასების ობიექტური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცედურები, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. რეფორმის მიზანია მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და დეპოლიტიზაცია. დაინერგა სასამართლო საქმეების ავტომატური და ელექტრონული განაწილება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ძალოვან უწყებებებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებულ რეფორმებზეც.
„მთავრობამ წამოიწყო პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურებს ეხება, რათა ეს პროცესი უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდეს, მთავარ პროკურორს კი მისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულების შესაძლებლობა მიეცეს ახალი ჩარჩოს პირობებში. სასჯელაღსრულების სისტემაშიც გატარდა ძირეული სამართლებრივი და სტრუქტურული რეფორმები, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და პატიმართათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ხარისხი, ასევე, გაუმჯობესდა ციხეებში საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები. წარმატებით გადაიჭრა ასევე, გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულებების პრობლემა – პატიმართა რაოდენობა შემცირდა 60 პროცენტით. პატიმრობის ნაცვლად, აქტიურად გამოიყენება ისეთი ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე იყო პოლიციის დეპოლიტიზაცია. 2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შედეგად, მოხდა პოლიციის და უსაფრთხოების უწყებათა ინსტიტუციური და ორგანიზაციული გამიჯვნა. შეიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც თავი მოუყარა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა იმ უწყებას, რომლებიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ” , – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები