გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან

“ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, ისტორიული მოვლენა გახლავთ, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და პროექტში მონაწილეობს.
მისივე თქმით, სწორედ ამ პროექტების წყალობით, განათლებისა და კულტურის სფეროში ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმავდება.

“ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, ისტორიული მოვლენა გახლავთ, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. სიმბოლური დატვირთვის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის საქმიანი, პროფესიული და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, რის შედეგადაც ჩემი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. დღეს საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის რამდენიმე პროგრამასა და პროექტში, რისი წყალობითაც, განათლებისა და კულტურის სფეროში ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება, სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთკავშირების გააქტიურება, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხზეც.
„ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მთავრობამ მიიღო 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2014-2016 და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმები. 2014 წელს საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ეს კანონი მიზნად ისახავს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და საყოველთაო თანასწორობის უზრუნველყოფას. ჩვენ, ასევე, მივიღეთ 2014-2016 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, ბრძოლა გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან. ასევე, აღსანიშნავია 2015-2020 წლების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. მისივე თქმით, პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must-carry/must-offer პრინციპები.
„ მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიის შექმნა. ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობას და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must-carry/must-offer პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებმა და სატელიტური მომსახურების მიმწოდებლებმა ჩართონ თავიანთ მაუწყებლობაში ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას მოიცავს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც. მაშინ როცა, 2012 წლამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა და მათაც მკაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია, დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური რეიტინგების მიხედვით, რომლებსაც აწარმოებს ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე”, საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104-ე ადგილიდან 2016 წელს 64-ე ადგილზე გადაინაცვლა“,  – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები