ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნას ეხმაურება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს.
როგორც თემის კომენტირებისას ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს ჯდება იმ პოლიტიკის ხაზში, რომელსაც, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე ახორციელებს.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, ყოველგვარი ე.წ. დანიშვნა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ არღვევს, რუსეთის ე.წ. აღიარების ფარგლებში. ამას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი განზომილება არ გააჩნია ჩვენთვის. თან საუბარია პირზე, რომელიც უშუალოდ 2008 წლის მოვლენებში ჩართული იყო. ეს ჯდება იმ პოლიტიკის ხაზში, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღემდე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი მარატ კულახმეტოვმა ჩაანაცვლა. ელბრუს კარგიევის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. როგორც რუსული მედია წერს, პრეზიდენტის ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გუშინ გამოქვეყნდა.
ცნობისთვის: მარატ კულახმეტოვი 2011 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები