ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა +“-ის რედაქციიდან წამოსვლის მიზეზს განმარტავს – თუ ჰგონია, რომ დაშანტაჟებული ვყავარ, ძალიან შემცდარა

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+“-ის რედაქციიდან წამოსვლის მიზეზს განმარტავს და გამოცემის მთავარ რედაქტორს – ელისო კილაძეს მის მიერ მომზადებული მასალის შინაარსის გამხელასა და ბრალდებულ მხარესთან გარიგებაში სდებს ბრალს.
როგორც „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გოგოსაშვილი ირწმუნება, მას კონკრეტული დოკუმენტები აქვს, რომლის გამოქვეყნების შემდეგ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ე. წ ჟურნალისტურ კარიერას წერტილს დაუსვამს.
„ელისომ ყველაზე უკეთ იცის ჩემი წამოსვლის მიზეზი… მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რითიც მე საზოგადოების თვალში ავმაღლდები, ელისო კილაძე კი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს საკუთარ ე.წ. ჟურნალისტურ კარიერას! ვადევნებ თვალს ყველაფერს და შენზე რომ წერს თითქოს ირონიით – „წითელი შრიფტით წერს მასალებსო”, – მე მაქვს წერილი, დიახ, ელისოს წერილი, წითელი პასტით დაწერილი წერილი, რომელიც თავად ელისოს წინააღმდეგ იქნება მიმართული! „მე შენ მას არ დაგაშანტაჟებინებ!” – ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე მომწერა და მერე, ამ თავისი მინაწერით, ვისთან რა ურთიერთობები დაამყარა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. თუმცა, სამსახურიდან მეორედ წამოსვლის მიზეზზე მკითხე და გეტყვი…
მე მქონდა მასალა გამზადებული კონკრეტული რესპონდენტის, რომელიც „ნაცმოძრაობამ” ჩასვა ციხეში, წაართვა ქონება, გაუძარცვეს პარტნიორი მიცვალებული, მიცვალებულის ოჯახი და ქონება… ეს კაცი დოკუმენტებით ყვება ყველაფერს… გეტყვით ბარემ: ბადრი პატარკაციშვილზეა საუბარი… ანუ, ეს კაცი, ვინც ბადრისთან ერთად იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოვიდა ჩემთან კავშირზე და ეს იმდენად დიდი შოკი იქნება საზოგადოებისთვის, მისი ვინაობა რომ დავასახელო, ამ ადამიანის მონათხრობის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობას კი აღარც მეგობრობა მოუნდებათ არავისთან და აღარც სიყვარული.
ვრცელი მასალა იყო და გაგრძელებებით უნდა დაბეჭდილიყო. ელისო მთავარი რედაქტორი იყო და, რა თქმა უნდა, შევუთანხმე თემა… ვუთხარი რამდენიმე დეტალიც… გავუმხილე, რომ იმ დამნაშავე მხარესთან ერთად ის ხალხიც ფიგურირებდა, რომელსაც ელისო აქტიურად ებრძოდა გაზეთის თითქმის ყველა ნომერში.
მეორე დღეს დილაადრიან მირეკავს ელისო. „რედაქციაში მოდი და გუშინ რაც მითხარი მასალაზე, ერთ ადამიანთან უნდა გაიმეორო და წყაროც უნდა დაასახელოო” – მეუბნება. მივედი მეორე დღეს და წინდაწინვე შემამზადა, – ხომ იცი, ახლა რომ მოვლენ, ყველაფერი უნდა მოყვეო… ვიუარე, – რა უნდა მოვყვე, ან რა გითხარი-მეთქი? – ვკითხე. უცბად მივხვდი, რაც ხდებოდა… ელისოს დაავიწყდა, რომ მასზე მეტი ცხოვრებაც მაქვს გავლილი და ჟურნალისტიკაშიც მასზე დიდი სტაჟი მაქვს! და, ამ დროს ელისოს ოფისში შემოდიან ისინი, მაღალი თანამდებობის პირები! მოვიდნენ და მოიყოლეს ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ვითომ ჩემი „ინფორმატორი” იყო. არადა, ამ დროს ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო! არაფერ შუაში! მეტიც, რამდენიმე წელი ნანახიც კი არ მყავდა…
ყველაზე შეურაცხმყოფელი, იცი რა იყო? ისინი ისეთი „ბრექით” მოვიდნენ, აი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად… არადა, ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ფეხზე მკიდია ყველა თანამდებობა! დიახაც – თუ თაგვივით უნდა ხრა ეს ქვეყანა, ფეხებზე მკიდია შენი თანამდებობაც და შენი სახელიც! აი, ასეთი ვარ და რა ვქნა?
სამნი მოვიდნენ. მაღალი თანამდებობის პირები – ძმები და ერთი ვიღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „ერთი, რა გაქვს სათქმელი და დასაბეჭდიო” – აგდებული ტონით მკითხა ერთ-ერთმა ძმამ. ამ დროს ელისო მეუბნება – „ირინა, ახლა გაიმეორე, რაც გუშინ მითხარიო!”
ელისომ ნომერში დაბეჭდვამდე, ბრალდებულ მხარეს შეატყობინა მასალის არსიც და შინაარსიც! კომენტარზე მოსული კაცი მეკითხებოდა – „შენი ინტერესი რა არის ამ საქმეშიო”? დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით – ქრთამს მთავაზობდნენ! სიტყვა-სიტყვით დაწერე, იმ მაღალი თანამდებობის ძმებიდან ერთ-ერთს რაც ვუთხარი: „აა, ჩემს რედაქტორთან უკვე „გაიასნებული” გაქვთ ინტერესები? – მეთქი” – ვკითხე და მივაყოლე: „ჩემი ინტერესი ის იქნება, შენ და შენისთანებს რომ მ-ა დედის ტ-ი” – მეთქი! ეს ვუთხარი, გამოვიჯახუნე კარები და წამოვედი! აი, ასე წამოვედი „ქრონიკა +”-ის რედაქციიდან პირველად და დღეს ვის უნდა მოუტრიალდეს ენა, ჩემს „ქეისებზე” რომ ილაპარაკოს?! ჩემი მასალა, რომელიც გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო, არის თუ არა საიდუმლო იქამდე, ვიდრე არ გამოქვეყნდება?
თუ რედაქტორი ხარ, რატომ აგებინებ მეორე მხარეს ამბავს და რატომ აძლევ შესაძლებლობას, ჩემს ინტერესებზე მელაპარაკოს. ანდა, დამხვდეს სადმე, დამემუქროს და სულაც თემის სიმძაფრიდან გამომდინარე – ტვინი არ მიმასხმევინოს სადმე? თუ მართალი და სუფთა ხარ?
ეს არის ჩათლახობა და პირდაპირ ტყვიაზე გაშვება იმ ადამიანის, ვინც ასეთი მასალის მომზადებისას რისკზე მიდის და სიცოცხლეს დებს სასწორზე! გიმეორებთ: ჩემთან მიმართებაში ელისოს ძალიან მაგრად შეეშალა, მიზანმიმართულად შეეშალა და ეს ვუთხარი მე მასაც, მის ძმასაც და ნანა თვალაბეიშვილსაც!
ელისოს საკუთარი თავი თუ „ტანკი” ჰგონია, მე მასზე უახლესი მოდელის „ტანკი” ვარ და მიფრთხილდეს! „გაგიჟებენო” – მომაძახა ტელეფონში… კი არ მაგიჟებენ, ზუსტად ვიცი, რასაც აპირებს! ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიძლევი ასეთ ინტერვიუს და გიმეორებთ: სამსახურიდან კარის გაჯახუნებით ვარ წამოსული და ვის აქვს უფლება, რაღაც „ქეისებზე” მელაპარაკოს? „ქეისი” მე მაქვს სახლში! მას თუ ჰგონია, რომ დაშანტაჟებული ვყავარ და ამდენი ხანი იმიტომ ვარ ჩუმად, ძალიან შემცდარა! წითელი პასტით მისივე ხელით დაწერილი წერილი იქნება, ბოლოს რომ მოუღებს მის ე.წ. ჟურნალისტურ და ადამიანურ იმიჯს!
გიმეორებთ: სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს ის ქაღალდები, რომელიც მან სახლში გამომიგზავნა თავისი ხელით დაწერილი წერილითურთ! თავადაც ახსოვს, ვისი ხელითაც გამომიგზავნა და რა ქაღალდებზეცაა საუბარი“, – განაცხადა ირინა გოგოსაშვილმა „რეპორტიორთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები