„ქრონიკა +-ის“ ყოფილი ჟურნალისტი ელისო კილაძეს შანტაჟში ადანაშაულებს – თუ კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მე გამოვაქვეყნებ

თუ ელისო კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მაშინ მე გამოვაქვეყნებ, – ამის შესახებ „ქრონიკა +“-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ირინა გოგოსაშვილმა „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და გამოცემის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შანტაჟში დაადანაშაულა.
როგორც გოგოსაშვილი აცხადებს, ელისო კილაძის მიერ გაგზავნილი შანტაჟის შემცველი შინაარსის წერილი აქვს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გოგოსაშვილი ელისო კილაძისგან ბოდიშის მოხდასა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ თითქოს ირინა გოგოსაშვილი რედაქციიდან ქრთამის აღების გამო გაააგდო, ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
„ლოდინი ვიცი, არაჩვეულებრივი თვისება მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა მოვიდა ის დრო, როცა უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი! რომ გვემუქრება „ქეისებით” ელისო კილაძე, გამოვუქვეყნებო, – პირადად მე რა უნდა გამომიქვეყნოს? ის ხომ არა – თურქები ასიათას დოლარს რომ მაძლევდნენ – თავი დაგვანებეო?
შემატყობინეს, რომ იმუქრება რაღაცეების გამოქვეყნებით. ღიად და პირდაპირ ვამბობ: ის, რაც მავანს კომპრომატი ჰგონია – ცამდე მართალი ვარ! მოკლედ, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჩემი ოჯახის ვალი მართებს და მეტსაც გეტყვით – ის კაცი ამ ვალს გადაიხდის! ელისომ იცოდა ამ პრობლემის შესახებ, სტატიის დაწერაც შევთავაზე, მაგრამ ბოლოს საერთო ნაცნობების ჩარევის გამო გამოქვეყნებისგან თავი შევიკავე. კი, ბატონო, გამოაქვეყნოს ჩემზე ის ვითომ „კომპრომატი”, რაც ხელთ აქვს და მერე მე თქვენ გაჩვენებთ, რამდენი თავიც „დაიყრება”! და თუ ელისო კილაძე ვერ გამოაქვეყნებს ჩემს მამხილებელ დოკუმენტებს, მაშინ მე გამოვაქვეყნებ! უბრალოდ, არ მინდა, დავასწრო.
მე რასაც გამოვაქვეყნებ, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული! ხომ ამბობს, „ქეისი” მაქვს რედაქციიდან ყველა წასულ ჟურნალისტზეო… ჰოდა, დადოს ის „სქელტანიანი” „ქეისი”, რას ელოდება? რამდენიმე დღის წინ ტელეფონით მითხრა – „ბოლო ნომერში ყველა წასულ ჟურნალისტს მადლობა გადაგიხადეთო”… და მადლობას რისთვის გვიხდის, თუკი გამომძალველები და შანტაჟისტები ვართ და „ქეის კომპრომატებს” დავათრევდით ზურგით?!
მე მეორედ ისეთი შეურაცხყოფილი გამოვვარდი „ქრონიკა+”-ის ოფისიდან, ისეთი გაცეცხლებული – დღემდე არ გამნელებია! მეტსაც გეტყვით: მე მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს! დიახ! მე მაშანტაჟებს! დოკუმენტურად დადასტურებული ამ შანტაჟით კი ელისო კილაძე დაეტაკა იმ კედელს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა დატაკებოდა! მე ვარ გამომძალველი? მერაბ ვეკუა რომ მოვიდა და ტკბილეული და კონიაკი მომიტანა რედაქციაში, ეგ არის გამოძალვა? შოკოლადი იქვე შეიჭამა, კონიაკი იქვე დაილია… თუ ნესტან ტურაბელიძემ რომ მომიტანა მურაბა, რომელიც რედაქციაშივე დარჩა, ეგ არის გამოძალვა? თუ ის გროშები, თუნდაც „პრემიალურით” გადმოგდებული – არ მეკუთვნოდა?
ვინც მემუქრება, სიმართლის „ლიმონკას” ვთხრი პირში!
დიახ, მე არც ნინო ჯღარკავა ვარ და არც გიორგი მამაცაშვილი, დიდაქტიკურ მოტივებზე ეპისტოლარულად რომ ვებაასო! მე ჩემი ბრძოლის მეთოდები მაქვს!
მოვითხოვ ელისო კილაძისგან, – დაწეროს, რომ ირინა გოგოსაშვილის გარდა ყველა მისი გაშვებულია და თან, კონკრეტული „ქეისებით”, თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბუნებაში მართლაც არსებობს და ბოდიში მომიხადოს!
დიახ, ბოდიში მომიხადოს! დაწეროს და მერე, ის სხვებიც იფიქრებენ, დღემდე რომ ინარჩუნებენ დუმილს, როგორ თქვან თავისი სათქმელი“, – განაცხადა ირინა გოგოსაშვილმა „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები