ირინა გოგოსაშვილი ელისო კილაძეს პასუხობს: „ქრონიკა +”-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა

„ქრონიკა +”-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა, ვერც იარსებებდა და ვერც მომავალში იარსებებს, – ასე პასუხობს „ქრონიკა +“-ის ყოფილი ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი რეპორტიორისთვის მიცემულ ინტერვიუში „ქრონიკა +“-ის რედაქტორის ელისო კილაძის მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმულ ბრალდებებს, თითქოს გოგოსაშვილი სამსახურიდან კონკრეტული „ქეისის“ გამო გააგდო.
როგორც გოგოსაშვილი ირწმუნება, არანაირი კომპრომატების ქეისი ელისო კილაძეს მასზე არ ჰქონია და რედაქციიდან თავისივე სურვილით ორჯერ წამოვიდა. ამასთან, გოგოსაშვილის მტკიცებით, კილაძესთან რამდენიმეჯერ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სამსახურში დაბრუნებას მას კილაძის ძმა გოჩა კილაძე და „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე ნანა თვალაბეიშვილი სთხოვდნენ.
„მე ამ „პოსტის” („არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +”-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა – ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის” გამო ( ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.), შემდეგ დავრეკე ნანა თვალაბეიშვილთან, „მე ელისომ გამიშვა კონკრეტული კომპრომატების „ქეისით” სამსახურიდან – თქო?” – ვკითხე. „არა, რას ლაპარაკობო” – შეიცხადა ნანამ და რაღა დაგიმალო, მეფერა კიდეც.
როცა ელისოსთან მუშაობის პერიოდში ორჯერ უკიდურესად დამეძაბა ურთიერთობა, კილაძის ძმა გოჩა და ნანა თვალაბეიშვილი ჩემს ეზოში, ჩემთან სახლში ამოქანდნენ და – „ხომ იცი, რა ტიპია, უცებ ამოიყვირებს და მერე ბოდიშებს იხდისო” – მეუბნებოდნენ და სამსახურში დაბრუნებას მთხოვდნენ. დიახ, „ქრონიკა +”-ის რედაქციიდან ორჯერვე მე წამოვედი ჩემით და არანაირი კომპრომატების ქეისი ჩემზე არ არსებობდა, ვერც იარსებებდა და ვერც მომავალში იარსებებს.
წამოსვლამდე გთხოვე შენი კომენტარის შეცვლა, სადაც ყველაში გამრიე და ქრთამის და შანტაჟის გამო გაშვებულთა სიაში ჩამსვი.
თუნდაც ერთი ფაქტი ან კომპრომატი რომ ყოფილიყო ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის პერიოდში, მე დღეს იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში ვიქნებოდი, ვისაც თავის ჭკუაზე ატრიალებს ამა თუ იმ მედიის ხელმძღვანელი. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება თქვან ჩემზე, – არის გინება, როდესაც გაბრაზებულს ვინმესთვის შემიგინებია და სრულიად დამსახურებულადაც. ძალიან მაღალი თანამდებობის პირისთვისაც შემიგინებია. რამდენჯერაც გაგიხარდება.
მე სამსახურიდან კონკრეტული „ქეისით” გაშვებულთა დასახელება მოვთხოვე ნანას. „ან ეგ პოსტი წაშალეთ-მეთქი“, ვთხოვე. მაგრამ ხუთასმა ადამიანმა დამირეკა, გაგიჟებულები არიან – შენც ხარ მაგ სიაშიო? – მეკითხებიან“, – აცხადებს „ქრონიკა +“-ის ყოფილი ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი „რეპორტიორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები