ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუჩერდა
ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუჩერდა. მუნიციპალიტეტების შერწყმის საკითხს საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს. სამთავრობო ინიციატივას ხმა 12-მა მისცა, წინააღმდეგი კი საკრებულოს 3 წევრი წავიდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ წინადადებებში ჩაწერეს, ამ გაერთიანებას იმ შემთხვევაში ემხრობიან, თუ ქალაქ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საკრებულოს სხდომის ოქმში აისახება, თუმცა სხდომის ოქმი ჯერ გასაჯაროებული არ არის.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მიერ შემუშავებულ შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და რაიონის გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ. მათ შორის, ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქისა და ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს. განხილვა მწვავე კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა, რომ კენჭისყრაზე საკითხი საერთოდ არ გაეტანათ და ზუგდიდის მცხოვრებლების უფლებები და ღირსება დაეცვათ. სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ ნატალია შეროზიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.