ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა გახლდათ, დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად

„ჩვენი ამოცანა გახლდათ, დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ყველა დაინტერესებული სუბიექტი იყო წარმოდგენილი, სამუშაო პროცესი იყო აქტიური და ყოველი შეხვედრა კონკრეტული, განსაზღვრული მიზნით იმართებოდა.
მისივე თქმით, განსხვავდება წინა კომისიის გამოცდილებისგან. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის – ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის არსებობა მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში.; მეორე ამოცანას რაც შეეხება, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ჩვენი მეორე ამოცანა გახლდათ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად.
და მესამე: იურიდიული ტექნიკის კუთხით, ქვეყნის ძირითადი კანონი საკმაოდ გაუმართავი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამივე მიზანი არის მიღწევადი მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი და მას შემდეგ, რაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან გამართული პროცესი დაედოს საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.
ვფიქრობთ, რომ სამივე მიზანი, რომელიც ჩვენ გვქონდა დასახული, იქნება სრულფასოვნად მიღწეული და ჩვენი ამოცანა არის ევროპული ტიპის კონსტიტუციის შემუშავება. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია და ვფიქრობთ, რომ ამ გზაზე დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია ჩვენ ძალიან წაგვადგება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანელ პარტნიორებს კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანული კონსტიტუციონალიზმი ერთ-ერთი სანიმუშოა მსოფლიოში, რის გამოც კონფერენციის ბერლინში გამართვას მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
კონფერენცია, რომელსაც მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევს, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები