კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა
საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით და კლინიკა „მარიმედის” მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC)სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტებმა, 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებსა და მოზარდებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია უფასოდ გაუწიეს.
კლინიკა „მარიმედის” შენობაში, ადგილობრივებს პედიატრის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ორთოპედის და ნევროლოგის უფასო კონსულტაციები და კვლევები მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ მიეღოთ.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი მოსახლეობისთვის, მოიყვანონ ბავშვები და კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია წამყვან სპეციალისტებთან მიიღონ. აქცია, რომელიც დღეს ჩემი ინიციატივით გაიმართა, აუცილებლად მიიღებს სისტემატიურ ხასიათს. ჩვენ, კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას ყოველ ორ თვეში ვგეგმავთ”, – განაცხადა საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორმა, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.
ირაკლი მეზურნიშვილმა კლინიკა „მარიმედს” და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკას აქციის ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკა „ მარიმედს”, რომლის ბაზაზეც დღეს პაციენტების მიღება ხდება და ასევე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკას, რომელიც ჩვენს აქციაში წამყვანი სპეციალისტებით და მაღალი დონის პროფესიონალებით არის ჩართული”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალში იგი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას გეგმავს.
უახლოეს პერიოდში, მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კასპის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებები შემოქმედებითი და კულტურული მიმართულებითაც იგეგმება.