კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სამტრედიაში გაიმართა

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ არის ქმედითი, ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, მოამზადა პროექტი.
მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება”, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ისაუბრა ადამიანის უფლებების ახალ ნორმებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში ჩაიწერა. კერძოდ, კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც მანამდე არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით: ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ძირითადი უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლება, ინტერნეტის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა. „კონსტიტუციაში ყველა მიმართულებით ხორციელდება პროგრესული და ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დონეზე გამყარებას ითვალისწინებს. ასევე, ცვლილებები მმართველი სისტემის ძირითად ინსტიტუტებსაც შეეხება. საუბარია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გატარებულ ცვლილებებზე“, -აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მან ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა.
„უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უმცირესობის უფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს პარლამენტის შიგნით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განხსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე.
„არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს” ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, სერგო რატიანმა და აკაკი ბობოხიძემ ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა დეპუტატისთვის მიუღებელია ბონუს სისტემა.
„ჩვენთვის მიუღებელია, რომ გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
იგი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. ბონუსსისტემის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც გააკრიტიკა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პლებისციტი უნდა ჩატარდეს. აკაკი ბობოხიძემ ახალი რედაქციით შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი გააპროტესტა. დეპუტატის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქციით შემოთავაზებულ წესზე, პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.
„კონსტიტუციის შინაარსი თქვენთან შეხვედრით ყალიბდება, რადგან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ პროექტი მოამზადა, ხოლო საბოლოო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრით და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები