სამართალდამცველებმა გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტი აღკვეთეს

ორი არასწრულწლოვანი და კიდევ ერთი სრულწლოვანი, რომლებიც mymarket.ge-ზე კუს 25 ლარად ჰყიდდნენ, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკითხეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტებზე რეაგირება მოახდინეს.
მოქალაქეებს, გარეული ცხოველების, მათ შორის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გაყიდვის შესახებ განცხადებები ინტერნეტმაღაზია – mymarket.ge-ზე ჰქონდათ განთავსებული.
დეპარტამენტის თანამშრომლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ მოქალაქეებს, რომელთაგან ორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. ვინაიდან მათ მიმართ ვერ გატარდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები, არასრულწლოვნებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება.
დეპარტამენტის ინსპექტორებმა დატყვევებული ცხოველები (რეპტილიები) საარსებო გარემოში დააბრუნეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ერთი მოქალაქის მიმართ შედგა, რომელიც mymarket.ge-ზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას – ხმელთაშუა ზღვის კუს ჰყიდდა.
ინსპექტორებმა მას ჩამოართვეს ცხოველი და დროებით, საქმის განხილვამდე, ზოოპარკს მიაბარეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს, 150-დან 850 ლარამდე საჯარიმო თანხას ითვალისწინებს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ www.mymarket.ge -ის შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია, მონიშნოს შემდეგი გრაფა – „ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს“.
აღნიშნული ფუნქცია ემსახურება გარემოსდაცვითი დანაშაულის პრევენციასა და გამოვლენას. ინფორმაცია მოიცავს საჯარიმო სანქციების ოდენობის შესახებ გაფრთხილებასაც, შესაბამისად, პირი მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმირებულია .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები