ლეგენდარული მომღერლის – პატი ოსტინის კონცერტი თბილისში გაიმართება

20 მაისს, 20:00 საათზე,  ლეგენდარული მომღერლის – პატი ოსტინის კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს  მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
„გრემის“ ჯილდოს მფლობელი პატი ოსტინის რეპერტუარი მოიცავს ყველა მუსიკალურ ჟანრს. მან გამოუშვა 17 სოლო ალბომი და შეასრულა ცნობილი ჰიტები „გრემის“ და „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიებზე.
როგორც შემსრულებელს, სიმღერების ავტორსა და მომღერალს, მას ვარსკვლავური კარიერა ხვდა წილად, რომელიც 4 წლის ასაკში დაიწყო. იგი ძალზე მალე გახდა მსოფლიოში პოპულარული, მისი ალბომები მუდამ იკავებს წამყვან ადგილებს ბილბორდის ჯაზალბომების ჩამონათვალში. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი – Avant-Gershwin დაჯილდოვდა „გრემით“, საუკეთესო ჯაზვოკალისტის რანგში.
როგორც 2002 წელს „გრემიზე“ ნომინირებული ელა ფიცჯერალდის პატივსაცემად გამოშვებული ალბომის – For Ella შემთხვევაში, პატიმ კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივად ითანამშრომლა დასავლეთ გერმანული რადიოს ბიგბენდთან.
პატი ოსტინი ჯაზტრომბონისტ გორდონ ოსტინის ქალიშვილი და ლეგენდარული მუსიკოსების ჯონს და დინა ვაშინგტონების ნათლულია. მისი დებიუტი შედგა ვაშინგტონებთან ერთად, ნიუ-იორკის ჰარლემის ცნობილ აპოლოს თეატრში. 70-იანებში იგი უდავოდ იყო ნიუ-იორკის სცენების „დედოფალი“ – მისი ხმა ჟღერდა ყველას უკან, დაწყებული პოლ საიმონით, კეტ სტივენსით, ჯეიმს ბრაუნითა და ჯო კოკერით, ბეტი მიდლერით, რობერტა ფლეკით, ლუთერ ვანდროსითა და დაიანა როსით დამთავრებული და ასევე, ბევრ დასამახსოვრებელ სარეკლამო რგოლში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები