მიხეილ ჯანელიძე ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2017 წლის 18- 19 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კვიპროსს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქ. ნიქოზიაში დაგეგმილ ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად გათვალისწინებულია ევროპაში არსებული კონფლიქტებისა და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლის განხილვა. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე – „კონფლიქტი საქართველოში”, რომელიც წარმოადგენს მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილს და საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იმსჯელებენ ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული ძეგლების განადგურება და მიგრაცია.
ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის 18 მაისს გაიმართება შეხვედრა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები