პარლამენტმა თამბაქოს შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა. საკანონმდებლო პაკეტი ბოლო ეტაპის განხილვისათვის დეპუტატებს ინიციატორმა გუგული მაღრაძემ გააცნო.
2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა.
მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი სიგარ-ბარებში, სადაც დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ამავე პერიოდიდან ისეთი ფილმების გაშვების წინ, სადაც სიგარეტის მოწევის კადრებია, სავალდებულო იქნება ანტითამბაქოს რეკლამის გაშვება.
სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები