პატრიარქი: შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეებს შორის მუდმივად განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს

„ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“,-ასეთ რჩევებს აძლევს ილია II წყვილებს თავის წერილში „ბედნიერი ოჯახი“. პატრიარქი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შვილების აღზრდა მეუღლეებს შორის მუდმივად განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს. შეცდომები ყველას მოსდის და რა თქმა უნდა, იდეალური ოჯახი არ არსებობს.
“შვილების მოვლა ორივეს ვალდებულებაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს.
ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილებს, რატომ არის ეს მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოიხატოს იმაშიც, რომ ბავშვები ცხოვრებისთვის მოამზადოთ. ამიტომაც, ნუ მოგერიდებათ სახლში მათი დასაქმება. შეასწავლეთ ყველაფერი, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალშიც მისი ცოდნა თავადაც გამოადგებათ. შესაძლებლობებისამებრ, ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ატარეთ სპორტზე, ასწავლეთ ქართული სიმღერა, გალობა, ცეკვა. აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი, მიდრეკილება და წაახალისეთ იგი (ჩაუნერგეთ, რომ ის არის ნიჭიერი, რათა ბავშვმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთოს ყველაფერი). სასურველ გარემოში ყოფნა შესძენს მათ შესაძლებლობებს და გარკვეულწილად, დაცულიც იქნება მავნე ზეგავლენებისგან. ასწავლეთ მათ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა. ასწავლეთ ღვთის სიყვარული, წესრიგი, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებლები იქნებიან.
შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეებს შორის მუდმივად განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს და შეჯერებული პოზიციით უნდა იდგმებოდეს შემდგომი ნაბიჯები. შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის, ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც ბოლომდე იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული ჰქონდეს).
ვისწავლოთ პატიება, უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვარის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება. უფალი ბრძანებს “ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ.” მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ! სიყვარულით, თქვენი მლოცველი, ილია მეორე”, – ნათქვამია წინასიტყვაობაში “ბედნიერი ოჯახი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები