ინდონეზია ქართული მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების იმპორტით დაინტერესებულია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურების მნიშვნელობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. ნოდარ კერესელიძემ ყურადღება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და მის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა. როგორც შეხვედრაზე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფადლი ზონმა აღნიშნა, ინდონეზია დაინტერესებულია საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე, მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტით.
​საუბარი ასევე შეეხო ინდონეზიიდან საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ორგანული და ბიო ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ინდონეზიას კი ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები