„მაისში მოსულმა ნალექებმა შესაძლოა, წყალმოვარდნა გამოიწვიოს და თბილისის გარშემო, ხევებში დაგროვებული მასა დაძრას“

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილი თბილისის გარშემო მეწყერსაშიში ზონების მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ჯერჯერობით უხვნალექიანობა არ გვაქვს, თუმცა მაისი და ივნისი ამ მხრივ მაინც საშიშ პერიოდად მიიჩნევა. მისი თქმით, საფრთხე წელს შედარებით ნაკლებია, თუმცა მისივე განმარტებით, მეწყერს მხოლოდ წვიმა არ იწვევს. თუ ფერდობი შემზადებულია იმისთვის, რომ იქედან მასა დაიძრას, გამოფიტულია, დანაპრალებულია, აქვს შესაბამისი ფერდის დახრა, მაშინ მეწყერისთვის აუცილებელი არ არის, რომ წვიმა მოვიდეს.
​სუხიშვილის განცხადებით, მიწისძვრა ან ნებისმიერი ვიბრაციაც კი საკმარისია, რომ მეწყერი გამოიწვიოს.
„ ვერეს ხეობაში მეწყერსაშიში უბნები არსებობს, განსაკუთრებით მარჯვენა ნაპირზე. წყნეთი- ახალდაბა, წყნეთი- ბეთანიის მონაკვეთზე, უშუალოდ მეწყრის ადგილას, დაძრული მასის 25% იყო დარჩენილი. მას შემდეგ ნაწილი გაიტანეს და დარჩენილია დაძრული მასის 10- 15%. ეს არ არის ის მოცულობა, რომელიც დაძვრის შემთხვევაში, თბილისს საფრთხეს შეუქმნის, თუმცა საფრთხე შეექმნებათ უშუალოდ იმ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს.
ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდზე რამდენიმე ათეული მეწყრული კერაა და არავინ იცის, როდის გააქტიურდება. ვერეს ხეობის კვლევა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არ ჩატარებულა. ალბათ ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ამ დონის სტიქია მოკლე პერიოდში არ მეორდება და მის გამეორებას წლები სჭირდება“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
​სუხიშვილის განმარტებით, უხვი ნალექისა და წყალმოვარდნის შემთხვევაში, საკმაოდ საშიშია ის მშრალი ხევები, რომლებიც თბილისს გარშემო აკრავს.
„ მოსახლეობა ამ მშრალ ხევებს იყენებს სამშენებლო ნარჩენების ჩასაყრელად, რაც ეს ერთი შეხედვით, არაფერს ნიშნავს, ისინი ამით ამოავსებენ ხევს, მაგრამ ეს არ არის მუდმივად მშრალი ხევი. თბილისში მაგალითად, მაისში არის ისეთი ნალექები, რომელმაც შეიძლება წყალმოვარდნა გამოიწვიოს და ამ ხევებში დაგროვებული მასალა დაძრას თბილისისკენ. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც, ერთი შეხედვით, უსაფრთხო ჩანს, მაგრამ შეიძლება მომავალში კატასტროფა გამოიწვიოს. არ უნდა ამოავსონ ეს ჩაღრმავებული ადგილები“, – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები