უჩა ნანუაშვილი: ლგბტ ადამიანები საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობენ

საქართველოს სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, ლგბტ ადამიანები საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობენ, ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. მისივე თქმით, ლგბტ პირების მიმართ ხშირად ხორციელდება ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები.
„17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მისი აღნიშვნა ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, 1990 წელს განხორციელდა. სოლიდარობის გაცხადებისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული დღის აღნიშვნას, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად სდევს ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული ქმედებები, ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ. საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა”,- აცხადებს სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილი სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯები კვლავ მინიმალური და ფორმალური ხასიათისაა.
“არსებული პრობლემების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტ ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. იმედს ვიტოვებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარი განწყობების შესამცირებლად. სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, 24 საათის განმავლობაში, დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები