თბილისში წლის ბოლომდე 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება

თბილისში წლის ბოლომდე 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება,-ამის შესახებ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.
მუმლაძის თქმით, დაგეგმილია სპეციალური რკინის კონსტრუქციის შემოტანა, რომლითაც ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დეტალების დახვეწა, მეტროსადგურების შერჩევა და დაფინანსების მოძიება. პროცესი, სავარაუდოდ, 2 კვირაში დასრულდება და დაიწყება მუშაობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული წინადადება, აპრობირებულია ევროპის ქვეყნებშიც.
„პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში რკინის კონსტრუქცია ისეთ მეტროსადგურებში დამონტაჟდება, სადაც არაა კიბე და მგზავრი ესკალატორთან მისვლას პირდაპირ ახერხებს. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ესკალატორთან მისასვლელ კიბეზე სპეციალური დანადგარის დამონტაჟება, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ესკალატორამდე ჩაიყვანს, შემდეგ კი რკინის კონსტრუქციითა და ერთი პირის დახმარებით მგზავრი მატარებლის ბაქანთან მისვლას შეძლებს. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, სადგურის მოედნის, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის ერთმანეთთან დაკავშირება. ეტაპობრივად რკინის კონსტრუქციებს ყველა მეტროსადგურში შევიტანთ”, – განუცხადა მამუკა მუმლაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს”.
ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 – საბურთალოს ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები