ირაკლი კობახიძე: ტერმინს “გამგებელი” ტერმინი “მერი” ჩაანაცვლებს

“გამგებელს” “მერი” ჩაანაცვლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მერი, ადგილობრივ დონეზე, უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ეს ტერმინი მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებულია, ამიტომ სიტყვა “გამგებელს” “მერი” ჩაანაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მერს ზუსტად ის უფლებამოსილება შეუნარჩუნდება, რაც დღეს გამგებელს აქვს.
“მერი, ადგილობრივ დონეზე, უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ამიტომ, ეს ტერმინი აპრობირებულია. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს გონიათ, რომ მერი და გამგებელი სხვადასხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, მერს და გამგებელს ზუსტად ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ. უბრალოდ, ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის, შეიძლება, სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი – “მერი” გამოვიყენოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია გამგებლის თანამდებობის გაუქმების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები