საქართველოს ფოსტა სერვისცენტრების რებრენდინგს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“ ახალი კონსტრუქციის პირველი ცალკე მდგომი სერვისცენტრი თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალი სერვისცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიურ სერვისებს სთავაზობს.
არსებული ინფორმაციით, რებრენდინგის შემდეგ თიანეთის რაიონი რიგით 25-ე სერვისცენტრია თანამედროვე ექსტერიერითა და ახალი კონსტრუქციით. საქართველოს ფოსტამ, თიანეთის სერვისცენტრის პარალელურად, მსგავსი სტანდარტებისა და კონსტრუქციის 4 ახალი სერვისცენტრი: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნა.
თიანეთის სერვისცენტრის პრეზენტაციაზე კახეთის ოთხივე ფოსტის სერვისცენტრებიდან ვიდეო ჩართვები განხორციელდა, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს, ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით, საშუალება მიეცათ, პარალელურ რეჟიმში დაკვირვებოდნენ კახეთის სერვისცენტრების გახსნას. როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, ფოსტის ახალი სერვისცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე მთიანი რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
,,ეს პროექტი თიანეთის რეგიონიდან დავიწყეთ, რომლის მოსახლეობაც გამოირჩევა საფოსტო პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მოთხოვნით. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, რომლის აღსრულებაც დღეს დაიწყო და გაგრძელდება საქართველოს მთელი მასშტაბით. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს რაიონში ბიზნესის განვითარებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას“, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
„საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ფოსტის ახალი შენობების მშენებლობას ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში მიმდინარე წელს დაასრულებს”, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები